გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ დაიჭირეს პოლიციელებმა მისი თანაგუნდელები, რადგან მანქანა, რომელსაც ამტვრევდნენ, მათი საკუთრება იყო.

"ისინი არღვევდნენ სინამდვილეში კანონს, ჩვენ არ დაგვირღვევია არც ერთი კანონი. ეს მანქანა იყო ჩვენი საკუთრება, ჩვენ ის სიმბოლოდ მივიტანეთ, როგორც მათი სიმბოლო. [...] ჩვენი საკუთრება იყო და ჩვენს საკუთრებას ვამტვრევდით, ეს იყო პოლიტიკური პერფომანსი" — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

გირჩი — მეტი თავისუფლების წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სიმბოლურად შკოდა ოქტავია დალეწეს. ამით მათ უკანონო მიყურადება გააპროტესტეს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ყურუა და მოსიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.