ნიკი მინაჟი წლევანდელ Met Gala-ს არ დასწრებია, თუმცა საზოგადოების განხილვის მიზეზი ღონისძიებაზე დაუსწრებლობის მიზეზით გახდა. მინაჟი სტუმრებს შორის ვერ მოხვდა, რადგან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს. აუცრელობა მომღერალმა ტვიტერზე უცნაური ისტორიით ახსნა, რომელმაც ინტერნეტსივრცე აალაპარაკა.

"ტრინიდადში მცხოვრები ჩემი მამიდაშვილის მეგობარი აიცრა და იმპოტენტი გახდა. მისი სათესლე ჯირკვლები დასივდა. ქორწილს აპირებდა, მაგრამ ამის შემდეგ გოგომ ყველაფერი გააუქმა. ასე რომ ილოცეთ და დარწმუნდით, რომ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ გეპარებათ, არ აბულინგოთ ერთმანეთი", — დაწერა მომღერალმა.

არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ერექციულ დისფუნქციას იწვევს. ამის მიუხედავად, მომღერლის განცხადება ტრინიდადი და ტობაგოს ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად უარყო.

"ტრინიდადში დღემდე არ დაფიქსირებულა სათესლე ჯირკვლების დასიების არც ერთი გვერდითი მოვლენა თუ შემთხვევა...და ბოლო ინფორმაციით, არც მსოფლიოში... სამწუხაროდ გუშინ უამრავი დრო დავკარგეთ ამ ცრუ მტკიცების გადასამოწმებლად", — განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო რეპერი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს უამრავმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი. მან CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინა არ იწვევს ერექციულ დისფუნქციას და მსგავსი შემთხვევა არსად დაფიქსირებულა.

"ორჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებს", — განაცხადა ენტონი ფაუჩიმ ნიკი მინაჟზე.

აღსანიშნავია, რომ რეპერს თეთრმა სახლმა ბაიდენის ადმინისტრაციის რომელიმე ექიმთან გასაუბრება შესთავაზა, რათა ვაქცინის შესახებ მომღერლის კითხვებს პასუხები გაეცეს. ნიკიმ თავად დაპოსტა, რომ თეთრმა სახლმა კითხვებზე პასუხების მისაღებად მიიპატიჟა და წასვლას აპირებდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მომღერალს მხოლოდ ტელეფონით გასაუბრება შესთავაზეს ისევე, როგორც სხვებს, ვინც ვაქცინას ეჭვის თვალით უყურებენ.

ამავე თემაზე: