13 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ მასალებზე დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ჩანაწერების ფიგურანტ პირებს სოლიდარობას და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარების გასაწევად მზადყოფნას გამოთქვამს. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს გამოძიება დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს.

საიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია, თუმცა 13 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების მასშტაბურობა სუს-ის მხრიდან მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე მიანიშნებს. მათივე თქმით, ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი იცავს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი პირად ცხოვრებაში ჩარევაზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს — ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება", — ნათქვამია საიას განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. საიას შეფასებით, არსებული კანონმდებლობა პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან ვერ იცავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე.

"წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა დროულად უნდა შეაფასოს, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას.

"მიგვაჩნია, რომ წარსულში პირადი ცხოვრების ხელყოფის არაერთი გამოუძიებელი საქმე კიდევ უფრო ახალისებს და მეტ მასშტაბს სძენს სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევას. ამ მიმართლებით, წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების არაფექტიანი მუშაობის, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა უნდა შეისწავლოს", — აცხადებს საია.

ორგანიზაცია, ასევე, დადებითად აფასებს მედიასაშუალებების ნაწილის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაიცვან არსებული ჩანაწერების გავრცელების პროცესში პირთა პირადი ცხოვრების უფლება.

ამასთანავე, საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს:

  • დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება აწარმოოს;
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პერმანენტულად მიაწოდოს.

საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს:

  • განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს შეისწავლის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს:

  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა დროულად უზრუნველყოს.