ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) პროგრამა არტემისისთვის მთვარეზე დასაჯდომი სისტემის შესაქმნელად 5 ამერიკული კომპანია დააფინანსა. მათ შორის არიან ილონ მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX და მისი კონკურენტი Blue Origin, რომელიც მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა დააარსა. პირველ მათგანს წილად 9.4 მილიონი აშშ დოლარი ხვდა, მეორეს კი 25.6 მილიონი აშშ დოლარი.

მათ გარდა, NASA-მ კონტრაქტი გააფორმა კოსმოსური და საჰაერო ხომალდების მწარმოებელ Northrop Grumman-თან, იმავე სფეროში მოღვაწე Lockheed Martin-თან და ტექნოლოგიურ კომპანია Dynetics-სთან. მათ სააგენტოსგან $34.8 მილიონი აშშ დოლარი, 35.2 მილიონი აშშ დოლარი და 40.8 მილიონი აშშ დოლარი გადაეცემათ.

NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორებთან გაფომებული ხელშეკრულება მომდევნო 15 თვის განმავლობაში მთვარის ლენდერების დიზაინზე, მათი ქმედითუნარიანობის შეფასებაზე, კონსტრუქციულ სტანდარტებსა თუ ინტერფეისებზე მუშაობას ითვალისწინებს. ასევე, შერჩეულმა კომპანიებმა ეკიპაჟის უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეტალებიც უნდა გაითვალისწინონ, რისკები განსაზღვრონ და ტექნოლოგიები გამოსცადონ.

ფოტო: NASA

“პროგრამა არტემისის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მთვარეზე ადამიანთა ხანგრძლივი დასახლებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფაა, რომლის ფარგლებშიც ლენდერებს გამოვიყენებთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ აშშ-მ დედამიწის თანამგზავრსა თუ ჩვენს მზის სისტემაში შემავალ სხვა ციურ სხეულებზე ცხოვრებისა და მუშაობის გზების შესახებ მეტი შეიტყოს", — აცხადებს ეკიპაჟიანი კოსმოსური მისიების დირექტორატის ხელმძღვანელი, კეტრინ ლუდერსი.

სააგენტოში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ გაწეული შრომა მთვარის ორბიტიდან მის ზედაპირზე ასტრონავტთა რეგულარული ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი სტრატეგიის დასახვაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.