პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია, თუმცა იქვე ამატებს, რომ მიუღებელია "პროვოკაციული შეკითხვებიც". ასე გამოეხმაურა იგი მთავარი არხის ოპერატორის საქმეს.

"ამის კადრები უნდა ვნახოთ ჩვენ, უნდა დამტკიცდეს [გადააგდეს თუ გადავარდა]. მე არ მინახავს. მე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის არის მიუღებელი პროვოკაციული მივარდნებიც, ძალადობაც მიუღებელია, რა თქმა უნდა, პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას. უფრო მეტიც, მდინარაძე ამბობს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ტელევიზიის გადამღებ ჯგუფსა და შტაბის წევრებს შორის ჟურნალისტის პროვოკაციის შემდეგ დაიწყო.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

გაიგე მეტი: