სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული ფაილების მიხედვით, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დეკანოზ შალვა კეკელიას უთხრა, რომ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე და ნიკოლოზ რაჭველი პატრიარქთან შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, თუ ისინი "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ შიო მუჯირსა და შალვა კეკელიას შორის საუბარი 2019 წელს, პრაიდის წინა პერიოდში შედგა.

[10.05.19, 19:37:48] მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ქ.თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ აცნობა, რომ დღეს 21:00 საათზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილი აქვთ, მომღერლებს: ნინო ქათამაძეს, თამარ ჭოხონელიძეს და კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველს. შ.მუჯირის თქმით, ხსენებული პირების ილია მეორესთან შეხვედრა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს იმის გამო, რომ "ლგბტ" თემის სოლიდარობის ნიშნად, უარი განაცხადეს მ/წლის 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით დაანონსებულ კონცერტში მონაწილეობაზე.

2019 წელს 17 მაისის დღის აღსანიშნავად საპატრიარქო სხვადასხვა აქტივობას გეგმავდა, მათ შორის იყო გალა კონცერტი. ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ეწერა, რომ კონცერტზე იმღერებდნენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებენა. მეტონიძემ თქვა, რომ ამ შეთავაზებით მისთვის არ მიუმართავთ, აჩიკო ნიჟარაძემ კი განაცხადა, რომ იგივე დროს გორში აქვს კონცერტი. მოგვიანებით გაირკვა, რომ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში არ მონაწილეობს არც თამრიკო ჭოხონელიძე. კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა ნინო ქათამაძემაც.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა და მრევლმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: