ასტრონომებმა ორშაბათს მოულოდნელი შეჯახება დააფიქსირეს — იუპიტერს დიდი და უცნობი ობიექტი დაეჯახა.

შეჯახების მომენტში, პროფესიონალი ასტრონომების გარდა, მოყვარულებმაც დააფიქსირეს. გერმანელმა ასტროფოტოგრაფმა, რომელიც გაზის გიგანტის ერთ-ერთ მთვარეს, იოს აკვირდებოდა, უეცარი განათება დააფიქსირა.

"ეს შეჯახების ეფექტი იყო", — უთხრა ასტროფოტოგრაფმა, ჰარალდ პალესკამ SpaceWeather-ს.

იგივე ეფექტის მომსწრენი სხვა ასტროფოტოგრაფებიც გახდნენ, რაც თავის მხრივ პროფესიონალმა ასტრონომებმაც დაადასტურეს.

ობიექტის წარმომავლობა

პალესკას თქმით, განათება 2 წამის განმავლობაში მკვეთრად ჩანდა. ციმციმის ზუსტი წარმოშობა და ობიექტის ბუნება, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ეს განათება დიდმა ასტეროიდმა გამოიწვია.

ასტრონომები ახლა შეჯახების "კვალზე" გასვლას ცდილობენ და სურთ გამოიკვლიონ თუ რა მოხდა რეალურად და თუ ეს ასტეროიდის შეჯახება იყო, რამდენად მასიური იყო ის.

ეს პირველად არ ხდება, როდესაც ასტრონომები იუპიტერის და ასტეროიდების შეჯახებას ცოცხალ რეჟიმში აფიქსირებენ. მეტიც, NASA-ში ვარაუდობენ, რომ მზის სისტემის ადრეულ პერიოდში იუპიტერმა მთლიანი პლანეტა შთანთქა.

რაც შეეხება იუპიტერის და სხვა ციური ობიექტების ისტორიას, ამის ერთი თვალსაჩინო მაგალითი 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც კომეტა შუმეიკერ-ლევი 9 გაზის გიგანტს შეეჯახა. მაშინ ამ შეჯახებამ ნამსხვრევებისა და მუქი ნიშნების მასიური კვალი დატოვა, რითაც კიდევ ერთხელ განმტკიცდა იდეა, რის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლის "დამცველი" იუპიტერია, რადგან სწორედ ის იწოვს უამრავ ასტეროიდს და ამით მათგან დედამიწას მფარველობს.

ის თუ რა მოხდა ამჯერად და ზუსტად რა მასშტაბის იყო შეჯახება, ეს უკვე ასტრონომების "გამოსაძიებელია".

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.