მკითხველებს ყოველთვის აინტერესებთ, მწერლის შემოქმედების რა ნაწილია რეალური და რა — წარმოსახვის ნაყოფი. სხვა მწერლების მსგავსად, ლელა ლაშხიც ფიქრობს, რომ შემოქმედების პროცესი ხელშესახები სამყაროსგან განცალკევებით მიმდინარეობს, თუმცა მისთვის რეალობაშიც და ფიქციაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა: ნამდვილი განცდებით გაჯერებული რეალური ადამიანების რეალური ისტორიები.

ლელა საფრანგეთში ცხოვრობს და თავის ისტორიებზე არანაკლებ საინტერესო ცხოვრება აქვს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესიის შეთვისება არ გასჭირვებია: რომანებისა და ნოველების წერას დრამის რეჟისორობას, ფოტოჟურნალისტობასა და შეფმზარეულობას უთავსებს.

უკვე ოთხი წიგნის გამოცემა მოასწრო. ბოლო გამოცემა, აღმართი მოთხრობების კრებულია, რომელიც რვა ნოველას აერთიანებს.

აღმართი, სიმბოლური სათაურით, ქალების ისტორიაა — სხვადასხვა ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, რომლებსაც, რა გასაკვირია და ბევრი საერთო მოეძებნებათ.

ლელა ლაშხს ლიტერატურაზე, თანამედროვე სამყაროზე და საკუთარ პერსონაჟებზე ვესაუბრეთ.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

როდის და როგორ გაგიჩნდათ ამ მოთხრობების კრებულის შექმნის სურვილი: აქ სხვადასხვა დროს დაწერილ ტექსტებს მოეყარა თავი თუ ერთიანი პროცესის ნაწილი იყო, რომელიც ბოლოს წიგნად იქცა?

ეს არის თანმიმდევრულად, თითქმის ერთ პერიოდში, რამდენიმე თვეში, დაწერილი მოთხრობები. მათ გამოცემას, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ დროისთვის არ ვფიქრობდი, თუმცა, წინა წიგნის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. როცა ავტორი მუშაობს რაღაც კონკრეტულ თემაზე, ყოველთვის ფიქრობს, როგორ მიიღებს ამას მკითხველი; თუ მათთვის ეს ადვილად მისაღები იქნება და "კარს გაგიღებს", მერე თამამდები და გინდა, მალევე მიაწოდო რამე ახალი, რომ არ დაგივიწყოს. ამიტომ, როცა გადავხედე მასალის მასშტაბს, მივხვდი, რომ ამ ნოველებით ერთი წიგნი შეიკვრებოდა. გამომცემლობამაც დადებითი პასუხი დამიბრუნა და კრებული მალევე დაიბეჭდა.

რა გასწავლათ ამ წიგნზე მუშაობამ: რა საინტერესო და მოულოდნელი აღმოჩენები გააკეთეთ წერის პროცესში?

ნებისმიერ თემაზე მუშაობა გასწავლის, რა გააკეთო უკეთესად, რა აღარ გააკეთო, რას როგორ მიუდგე: რა განავრცო და რა — შეამოკლო, რაზე უფრო მეტი უნდა იფიქრო და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის ხელწერა არასდროს არ იცვლება — მუდმივად იცვლება ამბავი — ყოველი ახალი ნაწარმოების შემდეგ თითქოს იზრდები, მეტად ვითარდები და ამ საქმეს უკეთ აკეთებ. ეს არის გამოცდილება, ლიტერატურული გამოცდილება, რომელიც გეხმარება ცხოვრების დალაგებაში, სხვისთვის გაზიარებაში და ერთმანეთს ტომებად ეწყობა. მერე დასასრულამდე მიდის. მართალია, ჯერ შორსაა ამაზე ლაპარაკი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ კრებულში უკეთ არის გავრცობილი თემები, რომლებზეც წინა ტექსტებში მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამდენად, უფრო მეტი ხერხი ვიპოვე მათ გამოსატანად.

ჩემთვის წერა იმდენად ინტიმური პროცესია, რომ არ მსიამოვნებს, როცა ამ დროს ვიღაც ოთახში შემოდის. ეს შენივე "სიშიშვლის" დემონსტრაციაა. შესაბამისად, არ გინდა, რომ ვინმემ იქამდე ნახოს, სანამ წერტილს დასვამ.

არსებობენ თუ არა თქვენი პერსონაჟების რეალური პროტოტიპები?

სრულიად რეალური ადამიანების ნამდვილი ისტორიებია. არ მახსენდება ჩემი დაწერილი ამბავი, სადაც ვიფანტაზიორე. შეიძლება, მომიგონია რაღაც გარემოებები, რომლებშიც არ ვყოფილვარ და მინდოდა, წარმომედგინა, იქ რა და როგორ მოხდებოდა — თუმცა, სიუჟეტიც და პერსონაჟებიც ნამდვილები არიან; თანაც, იმდენად, რომ თქვენც შეიძლება მათგან რამდენიმეს პირადად იცნობდეთ. ისინი ჩემს ყოველდღიურობაში ცხოვრობენ; ზოგი კი, საერთოდ, მე ვარ — ჩემი არსებული რეალობით.

რამდენადაც [ამბავი და პერსონაჟები] ნამდვილი და გულწრფელია, იმდენად ადვილად მისაღები, დამაჯერებელი და გასააზრებელია მკითხველისთვის.

როგორია თქვენი წერის პროცესი: როდის და როგორ მუშაობთ ტექსტზე?

ამაზე დღესაც მქონდა მეგობართან საუბარი: რამდენად ინტიმურია ჩემთვის წერის პროცესი; არ მსიამოვნებს, როცა ამ დროს ვიღაც ოთახში შემოდის — ვინც უნდა იყოს. ეს არის ძალიან ინტიმური პროცესი, რადგან შენივე "სიშიშვლის" დემონსტრაციაა. შესაბამისად, არ გინდა, რომ ვინმემ იქამდე ნახოს, სანამ წერტილს დასვამ — სანამ გადაიკითხავ და იტყვი, რომ "მორჩა, დავამთავრე, სხვებსაც შეუძლიათ, ნახონ.

რადგან შეფმზარეულობის გამოცდილება გაქვთ, საინტერესოა, თქვენეული მიდგომა ტექსტთან: ჰგავს ეს პროცესი რეცეპტს მიყოლას თუ გზადაგზა იმპროვიზაციასაც მიმართავთ; იცით თუ არა, "სად მიდიხართ"?

იმის მიუხედავად, რომ ამ პროფესიით უკვე წლებია, ვმუშაობ, საკუთარი რეცეპტითაც კი არ ვაკეთებ არაფერს. სამზარეულოში მუშაობის მოტივაცია შეიძლება უბრალოდ, შიმშილის დაკმაყოფილებაც იყოს, თუმცა, ჩემთვის ეს ძალიან ესთეტიკური და შემოქმედებითი პროცესია. თუ ვიზუალურად თვალში არ მომდის, რაც უნდა ვჭამო, იმის გემო უკვე არ მომწონს. შესაბამისად, აქ იმპროვიზაციაა საჭირო, რადგან წინა კერძის თუნდაც სერვირება ახლანდელისას არ უნდა ჰგავდეს. მუდმივი სიახლე და ინოვაცია ზუსტად ის დეტალია, რაც აცოცხლებს შემოქმედებას. გამეორებაში ხომ ახალი და საინტერესო არაფერია. ჩემთვის ასეა.

რადგან თქვენს მოთხრობებს თემად "ქალი" აერთიანებს, ალბათ ეს რეალური სოციალური გარემოს ასახვასაც მოითხოვს. აქ საინტერესოა თქვენი აზრი: რა სოციალური როლი, მისია აკისრია ლიტერატურას?

ვფიქრობ, უდიდესი, მთავარი და ყველაზე აქტუალური, ყველა დროში. ეს არის შემეცნების ის ფორმა და კონკრეტულად ის სფერო, სადაც ლამაზად, ჩვენთვის მისაღებ (ხანდახან მიუღებელ) ენაზე შეგვიძლია მოვიპოვოთ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია. ალბათ ყველას ეს არ შეუძლია, თუმცა, არსებითად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ლიტერატურის გარეშე, ვფიქრობ, კაცობრიობა ვერ განვითარდებოდა. შეიძლება, ეს ჩემი სუბიქტური დამოკიდებულებაცაა, რადგან თავად ვქმნი ჩემს წილ ლიტერატურას, მაგრამ ალბათ ბევრიც დამეთანხმება.

იყავით თუ არა ყოველთვის აქტიური მკითხველი: რომელმა მწერლებმა და წიგნებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა, როგორც პიროვნებაზე და, როგორც ავტორზე?

რაც კითხვა ვისწავლე, არ გავჩერებულვარ ამ წამამდე. ჩემთვის გამორჩეული ავტორი კი ვაჟა-ფშაველა იყო. მან დამაფიქრა, ვინ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ვაჟა-ფშაველა უდიდესი მწერალი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და ადამიანია, თავისი უბრალოებით, არსით, დამოკიდებულებით, სიმართლით, გულწრფელობითა და მსოფლმხედველობით. მისი მსგავსი ავტორები ძალიან ცოტა შემხვედრია მსოფლიო ლიტერატურაშიც კი — არ ვაჭარბებ, რაღაც დონეზე ბევრი ქვეყნის ლიტერატურას ვიცნობ. ამდენად, მიმაჩნია, რომ ვაჟა-ფშაველა ახლაც და სულ, სანამ ლიტერატურა იარსებებს, იქნება ავტორი, რომლის ნაწარმოებებზეც შეიძლება გაიზარდო და ჩამოყალიბდე, პიროვნულად თუ პროფესიულად.

მუდმივი სიახლე და ინოვაცია ზუსტად ის დეტალია, რაც აცოცხლებს შემოქმედებას. გამეორებაში ხომ ახალი და საინტერესო არაფერია.

თუმცა, რასაკვირველია, ვაჟა-ფშაველა ერთადერთი არაა რჩეული მწერლებიდან. თავის დროზე, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შექსპირმა. ასევე ფრანგმა კლასიკოსმა ავტორებმა: სტენდალმა, ბალზაკმა, ჰიუგომ, დიუმამ.

ფრანგი მწერალი ქალი, იზაბელ სიდონი კოლეტი, აგრეთვე გამორჩეულია თავისი ფემინისტური ხედვით, სოციალური როლითა და ლიტერატურით, რომელიც, ძირითადად, პიესებს მოიცავს, თუმცა, დაწერილი აქვს რამდენიმე რომანიც.

უძვირფასესი ავტორია სიმონ და ბოვუარი, მარგარეტ დიურა, თანამედროვე მწერალი მარგარეტ ეტვუდი. ბევრი სხვაც, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: უამრავი წიგნია, რომლის გადაკითხვაც ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. თუნდაც, ეგზიუპერის პატარა პრინცი, რომელიც ჩემი სამაგიდო წიგნია და, ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, წელიწადში ერთხელ; ლოცვასავითაა, ცხოვრებას რომ გასწავლის, თუ კარგად მოუსმენ.

კვლავაც ქალის თემას რომ დავუბრუნდეთ ლიტერატურაში: ვინ არიან თქვენი საყვარელი ქალი პერსონაჟები, ისინი, ვის მიმართაც ემპათიასთან ერთად თანაგანცდაც იგრძენით, რომ იგი თქვენ გგავდათ?

ჟანა დ'არკი. ეს იყო რეალური ადამიანიც და ლიტერატურული პერსონაჟიც. ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით, მეშვიდე ან მერვე კლასში, როცა შილერის ორლეანელი ქალწული წავიკითხე და, როგორც აღმოჩნდა, ამ ისტორიის გასააზრებლად ძალიან ადრე იყო. ეს ხომ, უბრალოდ, გოგო არ არის, რომელიც ხმლით დარბის და თავისუფლებისთვის იბრძვის. მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, რადგან მსგავსი ანარქისტული იდეები მქონდა. მასთან ყველაზე მეტ საერთოს ვპოულობდი, იმიტომ, რომ ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც ფიქრობდა და რაც მიაჩნდა, რომ სწორი შედეგის მომტანი იქნებოდა.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჟანა დ'არკის დანატოვარ კულტურასა და სივრცეში ცხოვრება ჩემთვის ასეთი ხელშესახები გახდებოდა. ძალიან მალე ვაპირებ ჩავიდე ორლეანში და მისი სახლი ვნახო, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა. მეგობარი ცხოვრობს მეზობლად და დამპირდა, გიდობას გაგიწევო.

რადგან თქვენი წინა წიგნი გასულ წელს გამოიცა, ალბათ უკვე არაერთი მკითხველისგან მიიღეთ უკუკავშირი; დაემთხვა თუ არა თქვენი მოლოდინები გამოხმაურებას?

ტექსტში იყო პასაჟები, რომლებზეც შესაბამის უკურეაქციას ველოდებოდი. ჯერ კიდევ არის თემები, რომლებზეც ჩემთვის დამახასიათებელი ხისტი და პირდაპირი ფორმით ლაპარაკი მიუღებელია ქართული რეალობისთვის. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ბევრი ადამიანისგან, მათ შორის ასაკობრივი სხვაობით, მივიღე საოცარი და ძალიან გულწრფელი შეფასებები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. იქ ნამდვილად არის, ისე "გაშიშვლებული" პასაჟები, რომ მეგონა, მკითხველს მიღება გაუჭირდებოდა, თუმცა, მიიღო, და თან, იდეალურად. სწორედ ამან "გამათამამა", რომ კი, ასე უნდა ვთქვა, რასაც ვამბობ; მომცა იმის ფუფუნება, რომ იმავე ხელწერით გამეგრძელებინა თხრობა და მის შერბილებაზე არ მეფიქრა.

ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობთ; შეგიძლიათ თუ არა, შეაფასოთ, რა განსხვავებაა ფრანგულენოვან მკითხველსა და ქართულენოვან მკითხველს, ორ ლიტერატურულ სივრცეს, შორის? ან, შეგვიძლია განვაზოგადოთ: ფრანგულ და ქართულ საზოგადოებებს შორის.

ნამდვილად დიდი განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ კულტურას, ხასიათს, დამოკიდებულებას, ლიტერატურას და სხვა ყველაფერს შორის. რაღაცების გადაჭარბება და გამუქება არ მიყვარს, თუმცა, ამ სიშორის აღიარება ძალიან მიჭირს — იმიტომ, რომ ქართველი ვარ, შვილს ქართულად ველაპარაკები და ქართულად ვწერ. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში გავატარე და მინდა, რომ ეს ქვეყანა ყვაოდეს ლიტერატურულად, ინტელექტუალურად და სოციალურად, თუმცა ჯერ შორს ვართ.

ჩვენნაირი პატარა სოციუმის მქონე ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ სხვა სტრატეგიები და პრიორიტეტები. სხვაგვარად, უფრო ადეკვატურად უნდა ვითარდებოდნენ. ჯერ ამას ვერ ვახერხებთ, რადგან ყველაფერი განათლების დეფიციტიდან მოდის. ამდენად, სანამ ქვეყნისთვის განათლებული საზოგადოება პრიორიტეტული არ იქნება, ვერ შეიქმნება გამართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა. თუმცა, ამის ნაცვლად, დროს ეგოების დაკმაყოფილებასა და კომპლექსებთან ჭიდილში ვატარებთ; უიმედოა ჩემთვის ამჟამინდელი სიტუაცია და ბოდიშის მოხდაც შემიძლია, თუ ვაჭარბებ, თუმცა, ვიცი, რომ არ ვაჭარბებ.

რადგან ჩვენი დროის პრობლემებზე ვსაუბრობთ, თქვენი აზრით, რა აკლია თანამედროვე ლიტერატურას?

ვფიქრობ, [თანამედროვე ლიტერატურა] უფრო კომერციულია. კომერცია ღუპავს ხელოვნებას, ლიტერატურას ხომ საერთოდ ანადგურებს; ყველაფერ ღირებულს ის ძირს უთხრის. ფესვდაზიანებული ხე კი ვერასოდეს გაიხარებს. მით უმეტეს, ნაყოფს ვერ მოისხამს. ვერასდროს დავწერ მითითებით, რაც უნდა იყოს და რაზეც, რამდენსაც უნდა მიხდიდნენ ამაში. თუ ტექსტი არ ვიგრძენი, არ მეტკინა, არ გამიხარდა და არ მინდა, რომ მივცე მკითხველს გულიდან ამოსული სათქმელი.

სამყარო უკვე შეიცვალა. უბრალოდ, ჩვენ, ვისაც რაღაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ საკუთარი თავი გადავარჩინოთ ამ სიტუაციაში, ვზრუნავთ, რომ იმ შეცვლილ სამყაროში ისევ დავრჩეთ და არ დავიკარგოთ.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, თავი რითი ირჩინოს, თუ ის არ დაწერა, რაც მოთხოვნადიაო, თუმცა, როცა ვლაპარაკობთ ლიტერატურაზე, რომელსაც თაობებს ვუტოვებთ, ეს საქმე ძალიან დელიკატური და სახიფათოც კია. ჩვენ ამგვარად ადამიანის ცნობიერების შეცვლა შეგვიძლია — ან უკეთესობისკენ, ან ძალიან ცუდი მიმართულებით. თაობა არასწორად შეიძლება გაიზარდოს კომერციულ ლიტერატურაზე, რადგან იქ ღირებულებები დამახინჯებული, არაგულწრფელი და კონკრეტული მიზნით გაკეთებულია; კომერცია მხოლოდ ფინანსურ ინტერესს არ გულისხმობს, ეს შეიძლება ტენდენცია იყოს, რაც სიყალბედ მიმაჩნია.

სოციალურ საკითხებს და ცვლილებების მნიშვნელობას შევეხეთ; გასულ წელს უელბეკმა თქვა, რომ "სამყარო ამ ბანალური ვირუსის შემდეგ იგივე, თუმცა ცოტათი უარესი იქნება". ეთანხმებით თუ არა მას?

ვერაფერი ვეღარ იქნება ისე, როგორც იყო. როგორც უნდა ვიფანტაზიოროთ, იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორ მანამდე. სხვა თუ არაფერი, ჩვენ გვერდით იმდენი ადამიანი აღარ არის ამ მიზეზით, რომ როგორ შეიძლება, ყველაფერი წინანდელივით იყოს. ამასთან, [პანდემიას] ბევრი თანმხლები პრობლემა ახლავს, რომელიც გვინდა, არ გვინდა, სამყაროს საფუძვლებს ძირეულად უცვლის. ეს არ არის მხოლოდ პატარა გამოწვევები, ეკონომიკური კრიზისი, ან სოციალური გარღვევა. არა, სამყარო უკვე შეიცვალა. უბრალოდ, ჩვენ, ვისაც რაღაც შესაძლებლობა გვაქვს, რომ საკუთარი თავი გადავარჩინოთ ამ სიტუაციაში, ვზრუნავთ, რომ იმ შეცვლილ სამყაროში ისევ დავრჩეთ და არ დავიკარგოთ.

ავტორებთან ინტერვიუში ხშირად ვიყენებთ სამ შეკითხვას პრუსტის კითხვარიდან, ამიტომ, საინტერესო იქნება თქვენი პასუხების გაგება მათზე:

— რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

ძალიან ბევრ რამეს. იმას, რაც სიხარულს მანიჭებს. მწყურვალი შეიძლება ცივი წყლის დალევამ ცამდე გამაბედნიეროს.

— რომელ ცოცხალ ადამიანებს მიიჩნევთ იდეალად?

იდეალები არ მყავს. არიან ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომელთა აზრებსაც პატივს ვცემ, მაგრამ იდეალისტი არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ.

— რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

გულწრფელობას, რადგან მთელი ჩვენი არსი ამაზეა აშენებული — მის გარეშე არაფერი ვართ.

დაბოლოს, შეგიძლიათ თუ არა, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბროთ: როდის და რას შეიძლება მკითხველი თქვენგან ელოდოს?

2022 წლისთვის. რომანი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, წინა ნაწარმოებების მსგავსად რეალური ადამიანის ნამდვილი ისტორიაა, თუმცა, ეს ადამიანი ამჟამად მორალურად რთულ პერიოდში იმყოფება, ამიტომ, კომუნიკაცია არ გვაქვს. სანამ ეს პროექტი "დაპაუზებულია", მე ჩემთვის პატარა ნოველებს ვწერ, რადგან წერის გარეშე არ შემიძლია. ასევე, ვმუშაობ რეცეპტების წიგნზე; ბევრ რამეს ვაკეთებ ერთდროულად და არ ვიცი, ბოლოს რომელი გამოვა, მაგრამ 2022-ში ახალი წიგნი ნამდვილად იქნება.