ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა, მის მიერ შექმნილი ხომალდით Crew Dragon განხორციელებული პირველი კერძო მისიის ფარგლებში, კოსმოსში სრულად სამოქალაქო ეკიპაჟი გაუშვა. ისტორიული ფრენა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შედგა.

ეკიპაჟის 4 წევრი, რომელთაგანაც თითოეული არა პროფესიონალი ასტრონავტი, არამედ სამოქალაქო პირია, დედამიწის ორბიტაზე ფლორიდის შტატში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრა. რაკეტა Falcon 9 ცაში თბილისის დროით 04:02 საათზე აიჭრა. მასზე SpaceX-ის კაფსულა იყო მიმაგრებული, რომელშიც პროფესორი შონ პროქტორსი, მონაცემთა ინჟინერი კრისტოფერ სემბროსკი, მედიკოსი ჰეილი არსენო, ასევე, კომპანიის Shift4 Payments თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯარედ აიზეკმენი იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ Inspiration4-ის სახელით ცნობილი მისიისთვის Crew Dragon სწორედ ამ ამერიკელმა ბიზნესმენმა დაიქირავა.

გაშვებიდან მალევე რაკეტას პირველი საფეხური გამოეყო, უკან დაბრუნდა და სპეციალურ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა. მეორე საფეხურმა კი მგზავრები ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 580 კილომეტრ სიმაღლეზე აიყვანა. ამის შემდეგ კოსმოსური ხომალდი Falcon 9-ისგან გამოცალკევდა, ძრავები აამუშავა და დამოუკიდებლად განაგრძო მოძრაობა.

მისიაში მონაწილე დამწყები ასტრონავტები დედამიწის გარშემო 3 დღის განმავლობაში იმოგზაურებენ. ისინი შთამბეჭდავ ხედს კაფსულაში არსებული ორი ფანჯრიდან და მინის თაღიდან მიადევნებენ თვალს. დასასრულს, აპარატი ატლანტის ოკენეში დაეშვება, საიდანაც ნაპირზე მას საგანგებოდ შექმნილი სამაშველო გუნდი გამოიყვანს.

Inspiration4-ის მიზანი ქალაქ მემფისში მდებარე წმინდა იუდას ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვებაა. ამის გარდა, ეს კოსმოსური ტურიზმის განსავითარებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კოსმოსს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.