დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავარი არხის ოპერატორის დაშავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც ჟურნალისტს ეუბნებიან, რომ გავიდეს, რადგან არ აპირებენ ინტერვიუს მიცემას, ჟურნალისტი უნდა მიხვდეს და გავიდეს, ხოლო მოძალადეებს მთავარი არხის ჟურნალისტებს უწოდებს.

"მეორე სართულიდან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა უკან-უკან, იღებდა ყოფილა შემთხვევა ჩემი თანდასწრებითაც, ოპერატორები როდესაც იღებენ, უკან-უკან მიდიან[...] მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს [...] როცა გეუბნებიან, რომ გადი, არ ვიძლევი ინტერვიუს, უნდა მიხვდე და გახვიდე[...] ძალადობთ თქვენ, თქვენ ხართ მოძალადეები. მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და უნდა გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე", — განაცხადა დედაქალაქი მერმა.

მთავარი არხმა გუშინ, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

გაიგე მეტი: