ქარელში დაშავებული მთავარი არხის ოპერატორი ლევან აბლოთია საავადმყოფოდან გაწერეს. ქარელში, ქართული ოცნების შტაბში მომხდარი თავდასხმის შედეგად მან მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო. დაზიანებული აქვს ხელი და აღენიშნება დაბეჟილობები.

"აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით," — ამბობს ლევან აბლოთია.

მთავარი არხმა გუშინ, 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

გაიგე მეტი: