გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი 2019 წლის 8 ივლისისთვის დრონის მოძიებასა და ლგბტ დროშიანი დრონისთვის დაჯახებას გეგმავდა.

"ეროვნული ძალების გაერთიანების წევრი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი განმარტავს, რომ თავადაც უნდა მოიძიოს დრონი, რომელსაც განმეორებით აფრენის შემთხვევაში დააჯახებდნენ ლგბტ დროშიან დრონს", — წერია ფაილში.

2019 წლის 8 ივლისს პარლამენტის შენობასთან, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და ლევან ვასაძის ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობდა, ლგბტ დროშამ გადაიფრინა. დროშა დრონზე იყო მიმაგრებული. გავრცელებულ ფაილებში ვკითხულობთ, რომ გარდა დრონის დაჯახების გეგმისა, ფალავანდიშვილის ორგანიზაციის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ ლგბტ დროშიანი დრონის აფრენის ლოკაციის დადგენას.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: