საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

სამინისტროს განცხადებით, უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი სკოლების შემცირება 1992-93 წლებში ომის შემდეგ, 1994 წლიდან დაიწყო. თუ, მაგალითად, ომამდე პერიოდში 50-ზე მეტი ქართული სკოლა იყო, 2015 წელს ეს რიცხვი 11-მდე შემცირდა. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ სკოლების ნელ-ნელა სრულად რუსულ სწავლებაზე გადასვლისკენ განაცხადა.

2015 წელს, ეს ცვლილება ძირითადად დაწყებით კლასებს შეეხო. გეგმის მიხედვით, ყოველ მომდევნო წელს კიდევ ერთი კლასი ემატებოდა, რომელსაც რუსულად უნდა ესწავლა. რამდენიმე წელიწადში კი სკოლაში უკვე არც-ერთი კლასი აღარ უნდა არსებულიყო, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსწავლეები ქართულად ისწავლიდნენ.