სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება დაუფარავად აგრძელებს ჟურნალისტების დევნას. ასე გამოეხმაურა ის ქარელში, ქართული ოცნების ოფისში მთავარი არხის ოპერატორის დაშავების ფაქტს.

"ხელისუფლება ღიად და დაუფარავად აგრძელებს თავისუფალი სიტყვის გამავრცელებელი ჟურნალისტების დევნას, რისი ნათელი დასტურია მთავარი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა, რაზეც საჭიროა უსწრაფესი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. რაც მთავარია, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მთავარი არხის ოპერატორს. სრული თანადგომა ლევანს და ასევე ყველა ჟურნალისტს", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

გაიგე მეტი: