თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნარკოტესტის გასაკეთებლად უკვე იმყოფებოდა ავსტრიაში და შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს უხერხულობა აარიდა თავიდან.

"მე ამ ნაბიჯით, ვთვლი, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზა, დამოუკიდებელი ორგანო, არ ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში და უფრო გავუფრთხილდით მათ დასკვნას, ვიდრე მისი ზოგიერთი პოლიტიკური ხელმძღვანელი", — განაცხადა გახარიამ ფორმულას ეთერში.

ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს ბიუროს ცალკეული ხელმძღვანელი პირები ატარებენ, სხვა თანამშრომლებს კი პატივს სცემს.

"მე მომიწევს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხოვრებაში კიდევ მისვლა და ყველანაირი პრობლემის გარეშე, რა თქმა უნდა, მივალ. მე ამ ხალხს პატივს ვცემ, მე მათთან ერთად მიმუშავია", — განაცხადა გახარიამ.

გახარია არ არის დარწმუნებული, რომ ტესტის შედეგი არჩევნებამდე გახდება ცნობილი, რადგან, როგორც თქვა თმის ღერით ჩატარებული კვლევა ყველაზე დეტალურია და შესაბამისად, დიდი დრო სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური კვლევის თმის ღერით ჩატარება "ითვლება ყველაზე ნაკლებ ინფორმატიულად".

გიორგი გახარიამ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული ოცნება სამხარაულის ბიუროში უმზადებდა პროვოკაციას ნარკოტესტთან დაკავშირებით.

"გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს", — განაცხადა მაშინ გახარიამ.

გახარიას განცხადება სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მათი დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს. 10 სექტემბერს მან, ასევე, განაცხადა, რომ ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით "საინტერესო ინფორმაციას" გაამხელდა.

გაიგე მეტი: