მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებას 482,2 ლარით აღემატება — ამის შესახებ ცნობილი საქსტატის კვლევიდან ხდება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ აპრილ-ივნისში ქალების საშუალო ხელფასი 1 077,8 ლარი, ხოლო კაცების — 1 560 ლარი იყო. ამასთან, ქალების საშუალო ანაზღაურება წლიურად 153,6 ლარით, ხოლო კაცების ხელფასი 207,6 ლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ფოტო: საქსტატი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარდა ანაზღაურებისა, განსხვავებაა ქალებისა და კაცების უმუშევრობის დონეებს შორის. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ბაზარზე ქალების აქტიურობის დონე დაბალია, ნაკლებია უმუშევრობის პროცენტული წილიც — მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ქალებში უმუშევრობის დონე 18,9%, ხოლო კაცებში — 24,5%-ია.

შრომის ბაზარზე ქალების ნაკლები აქტიურობა პირდაპირ ბმაშია ქალთა უფლებებთან, რადგან ქალებს სამსახურის ძიებისას ბევრი წინააღმდეგობის გავლა უწევთ. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავდება მათი ანაზღაურება. გარდა ამისა, საოჯახო საქმეებში მეტწილად ქალები არიან ჩართულები, რაც სამსახურის ძიებისას და კარიერული ზრდის პროცესში კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 15,5%-ით, ანუ 177,9 ლარით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.