"თუ რუსეთის აგენტებს ეძებთ, მიიღეთ ლუსტრაციის კანონი, თუ არა და ეს კაგებეშნიკური მარაზმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს", — აცხადებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცის "ცოდვები" გამოაშკარავდება.

"არავის საქმე არაა მე ვის რას ველაპარაკები, ან რატომ უნდა იქექებოდეს ვიღაც ჩინოვნიკი ჩემი შვილების პირად ცხოვრებაში? რატომ გვგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ვიღაცის “ცოდვებია” რომლის გამოაშკარავებაც სამარცხვინოა?", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

გავრცელებული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა უთვალთვალებდა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, მაგალითად რუსუდან გოცირიძეს, მალხაზ სონღულაშვილს და სხვა. ფაილებში აღწერილია მათი პირადი საუბრები.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: