აგვისტოში საარსებო მინიმუმი წლიურად 38,8 ლარით გაიზარდა და "შრომისუნარიანი მამაკაცის" არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 221,1 ლარით განისაზღვრა — ეს საარსებო მინიმუმის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აგვისტოს თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წლიურად 34,4 ლარით გაიზარდა და 195,8 ლარი შეადგინა.

საარსებო მინიმუმის ამგვარი ზრდა აგვისტოს თვის მაღალ ინფლაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფასების ზრდის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი, 12,8 % დაფიქსირდა. ამასთან, აგვისტოში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე გავლენა სურსათის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებზე ფასების ზრდამ განაპირობა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ აგვისტოში, მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა "შრომისუნარიანი მამაკაცისთვის" 2,8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლისთვის" 2,5 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

გაიგეთ მეტი: