ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე საქართველოში პროვოკაციებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.

"ევროპარლამენტართან შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, პროვოკაციებს თავი აარიდოს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას პატივი სცეს", — წერს კალიურანდი ტვიტერზე.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და კვლავ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვა. ის თარიღს ისევ არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა ახლაც, თვითმმართველობის არჩევნებამდე.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანაში შემოსვლისთანავე დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს და მასზე ქართველ სამართალდამცავებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.