საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, "სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროვებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ". ი

"სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანისა და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროვების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი", — ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი.

"მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები. პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროვება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა", — წერს ჯაღმაიძე Facebook-ში.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: