ვაკის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, თავად არ ეშინია პირადი ინფორმაციის გასაჯაროების, მთავარია, რომ საპირფარეშოში არ გადაუღონ. დეკანოზის აზრით, საშინელი საქციელია, როცა ადამიანს დაუკითხავად უსმენენ, თუმცა აღნიშნა, რომ ვინც ჩანაწერებს აშუქებს ისიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც უკანონოდ ახორციელებდა მოსმენას.

"ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი — საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ. [...] წარმოდგენა არ მაქვს ვინ აკეთებდა, მაგრამ რომ კეთდებოდა ფაქტია და ძალიან ცუდია. ეს იყო ყოველთვის, იქნებოდა ყოველთვის და ამას აანონსებდნენ კიდევაც. [...] ჩემთვის, მაგალითად, ვინც ეს ჩაწერა, ისიც ცუდი ადამიანია, ძალიან ცუდი ადამიანია და მეორე, ვინც ამას აშუქებს და ვინც ამას უშვებს, ესეც საშინელებაა და ძალიან მძიმეა ჩემთვის", — თქვა შალვა კეკელიამ ფორმულასთან.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: