მაშინ, როცა აშშ აცრილი მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინების დამატებით დოზებს ამზადებს, აფრიკის მთლიან კონტინენტზე ვაქცინების ძალიან დიდი ნაკლებობაა. უფრო ზუსტი შედარებისთვის, აფრიკაში დაახლოებით იმდენი ვაქცინაა გაცემული, რამდენიც მხოლოდ კალიფორნიის შტატში.

სწორედ ასეთი უთანასწორობის გამო ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო არ არის მზად შემდეგი პანდემიისთვის. მის სიტყვებს Wall Street Journal ავრცელებს.

ეს ბილ გეიტსმა თავისი წლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თქვა. მისი ანგარიში თვალყურს ადევნებს ინდიკატორებს სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება და კეთილდღეობა მდგრადი განვითარებისთვის მთელს მსოფლიოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანგარიში ასევე იკვლევდა COVID-19-ის პანდემიის გავლენას მსოფლიოსა და მდგრადი განვითარებაზე.

ბილ გეიტსმა სწორედ ამ ანგარიშიდან გამომდინარე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებსაც ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში შეეძლებათ. წინააღმდე შემთხვევაში ჩვენ მომდევნო პანდემიებისთვის უბრალოდ მზად ვერ ვიქნებით. მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს მეტი ინვესტიცია ჩადონ ჯანდაცვის სისტემებში და გამოყო ძირითადი მიმართულებები რითაც ვირუსებს უნდა ვებრძოლოთ.

ანგარიში ხაზს უსვამს იმ უთანასწორობას განათლებასა და დასაქმებაში, რაც მთელს მსოფლიოში დაფიქსირდა და რაშიც დიდი როლი პანდემიასაც ჰქონდა.

ფონდის შეფასებით, 33.9 მილიონი ადამიანი პანდემიის დროს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა, მათგან 26.6 მილიონი სუბ-საჰარის ტერიტორიაზეა.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ნელ-ნელა დაუბრუნდებიან პანდემიის წინა მდგომარეობას და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი კვლავ გაიზრდება, ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში ეს პროცესი უფრო ნელი იქნება და ეკონომიკის მხოლოდ მესამედი აღდგება, რაც გავლენას მოახდენს ერთ სულ მოსახლეზე და 700 მილიონი ადამიანი დარჩება სიღარიბეში. ეს ყველაფერი კი ამ ათწლეულის ბოლომდე აისახება, ნათქვამია მოხსენებაში.

მეტიც, მოხსენების თანახმად, კაცებთან შედარებით, პანდემიამ ქალებსა და ბავშვებზე უფრო არაპროპორციულად იმოქმედა. შეფასებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კაცები გლობალურად დაუბრუნდებიან თავიანთ ჩვეულებრივ სამუშაოებს, 13 მილიონზე მეტი ქალი, რომლიც დასაქმებული იყო 2019 წელს, სამსახურს ვეღარ აღიდგენს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ბავშვებზეც ძალიან მძიმედ ისახება. ამ ყველაფრის ფონზე, ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ისეთ გადამდებ დაავადებებზე, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი და პერტუსი, დაეცა იმ დონემდე, რაც ბოლოს 2005 წელს იყო. მოხსენების თანახმად, მარტო შარშან 30 მილიონმა ბავშვმა გამოტოვა ხსენებული ვაქცინაცია. ასევე, დაზარალდა უშუალოდ განათლების სისტემა, რაც ბავშვების სწავლებაზე უარყოფითად აისახა. მხოლოდ აშშ-ს მაგალითით, სწავლის მხრივ ძალიან ბევრი ბავშვი დაზარალდა. ამასთან, შავკანიანმა ბავშვებმა სწავლის შესაძლებლობა უფრო დაკარგეს, ვიდრე მათმა თეთრკანიანმა თანატოლებმა.

შესაბამისად, მომდევნო პანდემიისთვის უკეთ მოსამზადებლად, ანგარიშმა მოითხოვა ინვესტიცია ისეთ პროგრამებში, რაც ქალებსა და ბავშვებს მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბილ გეიტსის თქმით, ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად არ ვართ მზად შემდგომი პანდემიებისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.