გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების მიღება აეკრძალათ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად", — ვკითხულობთ განცხადებაში.

შერიგების სამინისტრო აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც. სამინისტროს თქმით, საკითხი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე მთელი სიმწვავით იქნება განხილული.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულენოვანი სკოლების შემცირება 1992-93 წლებში ომის შემდეგ, 1994 წლიდან დაიწყო. თუ, მაგალითად, ომამდე პერიოდში 50-ზე მეტი ქართული სკოლა იყო, 2015 წელს ეს რიცხვი 11-მდე შემცირდა. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ სკოლების ნელ-ნელა სრულად რუსულ სწავლებაზე გადასვლისკენ განაცხადა.

2015 წელს, ეს ცვლილება ძირითადად დაწყებით კლასებს შეეხო. გეგმის მიხედვით, ყოველ მომდევნო წელს კიდევ ერთი კლასი ემატებოდა, რომელსაც რუსულად უნდა ესწავლა. რამდენიმე წელიწადში კი სკოლაში უკვე არც-ერთი კლასი აღარ უნდა არსებულიყო, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსწავლეები ქართულად ისწავლიდნენ.