სასულიერო პირების შესახებ გავრცელებულ ფაილებში საუბარია ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე. კონკრეტულად, მელაშვილს პირად საუბრებში ახსენებს და ემუქრება პრორუსულ, ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაახლოებული პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დოკუმენტში, რომელიც [სავარაუდოდ, 2021 წლის] 1-ლი თებერვლით თარიღდება, წერია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, დიმიტრი ქართლელიშვილი და აცნობა, რომ 30 იანვარს სოფელ უდაბნოში ჩასულ ივერი მელაშვილსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს მოსახლეობა ფიზიკურ ანგარიშსწორებით დაემუქრა. დოკუმენტის მიხედვით, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს უთხრა: "არ უნდა შევარჩინოთ, მე ტაბელური მაკაროვი მაქვს 4 მჭიდით, მზად ვარ ჩემი ხელით მივაყენო კედელთან და ციხეში წავიდე."

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლორთქიფანიძის ყურადღება, მისივე თქმით, გადატანილია დავით გარეჯის საკითხზე. სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერების მიხედვით, ლორთქიფანიძეს უთქვამს, რომ ახლო მომავალში ღიად დაუპირისპირდება აზერბაიჯანის ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობის სახელით "მოითხოვს პასუხს დავით-გარეჯის გამო".

აქვე წერია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, თუ დავით გარეჯის საქმეზე გაასამართლებენ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, დაიწყება ენმ-ს სრული განადგურების ეტაპი, "რაც გამოიხატება პარტიის ლიდერების სახლებში მივარდნით და პარტიის ოფისების დაწვით."

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: