კლიმატის ცვლილება დედამიწასა და ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ახალგაზრდების ნახევარს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შფოთვა აწუხებს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შფოთვის შესახებ ახალი კვლევა დიდ ბრიტანეთში ბაზის უნივერსიტეტმა 5 სხვა უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა. კვლევაში 10 ქვეყნიდან 16-25 წლის 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, პორტუგალიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ფილიპინებსა და ნიგერიაში ჩატარდა.

გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების საკითხი ძალიან, ან უკიდურესად აწუხებდათ. 45%-მა კი მიუთითა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შფოთვა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი მომავალს შიშით უყურებს, 56%-ს კი მიაჩნია, რომ კაცობრიობა განწირულია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების უმოქმედობის გამო იმედგაცრუებულნი არიან. კვლევის ავტორების თქმით, კლიმატის ცვლილების თანმდევი ქრონიკული სტრესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.

"ეს იმის ნიშანია, რომ ეკოლოგიური შფოთვა მხოლოდ გარემოს განადგურებას არ მოიცავს, არამედ პირდაპირაა დაკავშირებული კლიმატის ცვლილებების საკითხებზე სახელმწიფოთა უმოქმედობასთან. ახალგაზრდები თვლიან, რომ სახელმწიფომ ისინი მიატოვა და უღალატა...ჩვენ იმას კი არ ვზომავთ, თუ რას გრძნობენ ისინი, არამედ — რას ფიქრობენ. 10-დან 4 ახალგაზრდა შვილის ყოლაზე ყოყმანობს", — ამბობს კეროლაინ ჰიკმენი, კვლევაში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერი.

კვლევის ავტორები თვლიან, რომ შფოთვის დონე იმ ქვეყნებში უფრო მაღალია, სადაც კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ეფექტური რეგულაციები არ არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა პორტუგალია აღმოჩნდა, სადაც ხანძარი ბევრჯერ დაფიქსირდა.

კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს უუნარობა, გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ადამიანის უფლებების დარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოტივით აპირებს 6 პორტუგალიელი ახალგაზრდა ქვეყანას სასამართლოში უჩივლოს.

"არ მინდა სიკვდილი, მაგრამ არც იმ სამყაროში ცხოვრება მინდა, რომელიც ბავშვებსა და ცხოველებზე არ ზრუნავს", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.

ამავე თემაზე: