ტელეკომპანია GDS-ის ხუთი თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმდა. ოთხი მათგანი ახალი ამბების რედაქტორი იქნება, ერთი კი ვებ-რედაქტორის თანამდებობაზე იმუშავებს. ამის შესახებ On.ge-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განუცხადა.

კითხვაზე მიმდინარეობს თუ არა GDS-ის 14 თანამშრომელთან მოლაპარაკება და დასაქმდა თუ არა ვინმე უკვე გვიმრაძე ასე პასუხობს: "მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მიღებით ამ წუთას ხუთი თანამშრომელი მივიღეთ."

მისი ინფორმაციით, GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ეკა შორნია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დაგეგმვის მთავარი რედაქტორი იქნება, ნათია თოიძე კი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრების დროს წამყვანი იყო არხის ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორი იქნება. იმავე თანამდებობაზე იმუშავებენ 20:30-ის კიდევ ორი პროდიუსერი თამუნა კენკიშვილი და მაია ჭუჭულაშვილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ახალი ამბების რედაქტორი GDS-ის საინფორმაციო სააგენტოს 2030.news-ის რედაქტორი, ირინა დეკანოიძე იქნება. არხზე მისული ახალი თანამშრომლები მაუწყებელზე დასაქმებულ კადრებს არ ჩაანაცვლებენ.

გვიმრაძე ამბობს, რომ საუბარი მიმდინარეობს 20:30-ის წამყვანზე, მაკა ცინცაძეზეც.

"კონკრეტულად ჯერ არ განიხილება, თუმცა, მასზეც მიდის საუბარი," - ამბობს გვიმრაძე, რომელიც არ ასახელებს GDS-ის კიდევ რომელ თანამშრომელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.