საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, "მსგავს სისულელეზე" სამართლებრივ დავას არ აპირებენ.

"ფაბრიკაციები და რაღაცები უფრო მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის, ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ მე ვურჩევ, რომ მაგარი უგუნურია, რა. [...] საერთოდ სამართლებრივი დავის დაწყება მსგავს სისულელეებზე ყოველთვის არის არასწორი" — აცხადებს ქარჩავა.

როგორც ქაჩარავამ აღნიშნა, დასამალი არაფერი არ აქვს და "ვისაც უნდა უსმინოს".

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაიგეთ მეტი: