საერთაშორისო არაკომერციული ჯგუფის გამაოგნებელი უწყების თანახმად, წინა წელს რეკორდული რაოდენობის გარემოსდამცველი აქტივისტი მოკლეს.

Global Witness-ის მოხსენებაზე დაყრდნობით, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით 227 გარემოსდამცველი და მიწის უფლებათა აქტივისტი მოკლეს. ეს კვირაში დაახლოებით 4 ადამიანზე მეტს უდრის. მით უფრო უარესია ის, რომ, მოხსენების მიხედვით, აღებული რიცხვი რეალურზე უდავოდ ნაკლებია, ვინაიდან აქტივისტებზე არაერთი თავდასხმა რჩება გაუხმაურებელი.

თავდასხმათა ნახევარზე მეტი მხოლოდ სამ ქვეყანაში მოხდა: კოლუმბია, მექსიკა და ფილიპინები. მოხსენებამ ასევე დაადგინა, რომ ბევრი აქტივისტი მაშინ მოკლეს, როდესაც ტყეებს ინდუსტრიული განვითარებისგან იცავდნენ.

მკვლელობათა უდიდესი ნაწილი, 23 შემთხვევა, ხეტყის დამზადებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიას უკავშირდებოდა. მომაკვდინებელ თავდასხმათა უმრავლესობა მსოფლიოს ტროპიკულ ტყეებში მოხდა იმ აქტივისტთა წინააღმდეგ, რომლებიც კონკრეტულ ეკოსისტემებს იცავდნენ.

სხვა საუბედურო კონტექსტსაც თუ გავითვალისწინებთ, ეს უკვე ზედიზედ მეორე წელია, რომელსაც რეკორდული რაოდენობის გარემოსდაცვითი აქტივისტი ემსხვერპლა.

კრის მედენი, რომელიც Global Witness-ის კამპანიის უფროსი მონაწილეა, BBC-თან საუბრისას აცხადებს, რომ მსოფლიოს ლიდერებს გარემოსდამცველთა უსაფრთხოების მიმართ მეტი სერიოზულობა მართებდათ.

"მონაცემთა ეს ნაკრები კიდევ ერთხელ, თვალსაჩინოდ გვახსენებს იმას, რომ კლიმატურ კრიზისთან ბრძოლა ზოგს ძალიან ძვირად უჯდება — მათ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს რისკავს ტყეების, მდინარეებისა და ბიოსფეროს გადასარჩენად, რომელთაც არამდგრად გლობალურ დათბობასთან ბრძოლისას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს", — განუცხადა მედენმა წამყვანს — "ეს უნდა შეწყდეს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.