პრემიერმინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გავრცელებული ფაილები, რომლებშიც უკანონო მიყურადებასასა და თვალთვალზეა ჩანაწერები მძიმე პროვოკაციაა სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და ესეც ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა.

"ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი, ასე ვთქვათ, ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის, მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მთავარ აქცენტებში გავრცელებულ ოცნების მერობის კანდიდატების ბიოგრაფიის სავარაუდო დეტალებზე და თქვა, რომ ესეც ენმ-ს წამოწყებული ტყუილია:

"ასევე მინდა გითხრათ, რომ თუნდაც ის კამპანია, რომელიც თქვენ იხილეთ, კამპანია რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატობის წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა, ხომ? იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები".

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ამავე თემაზე: