როგორც რუსული ტექნოლოგიური ვებსაიტი Rubase იუწყება, უცნაური "დავის" ფარგლებში არაერთი ბრალდება წამოიჭრა, რომელიც კრიოგენულად გაყინული გვამების მოპარვას მოიცავს.

მტკიცების თანახმად, ვალერია უდალოვამ, რომელიც კრიოგენიკის რუსული კომპანიის გენერალური დირექტორია, დამფუძნებელ დანილა მედვედევთან კონფლიქტის შემდეგ რამდენიმე "გვამთან ერთად" გაქცევა სცადა.

The Times-ზე დაყრდნობით, უდალოვა მედვედევის ყოფილი ცოლია.

კონტრაბანდასაც თუ გავითვალისწინებთ, სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია "კრიოპაციენტ" ადამიანთა 81 და ცხოველთა 47 გაყინულ სხეულს ფლობს. კომპანიასთან დაახლოებით 500-მდე ადამიანმა დადო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ისინი სიკვდილის შემდეგ გაყინულები უნდა შეენახათ — რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ სამომავლო მედიცინა მათ გაცოცხლებას შეძლებდა.

სანამ რაიმეს დავამატებდეთ, აღსანიშნავია, რომ გახმაურების შემდეგ ტაბლოიდებმა ერთბაშად მოიყარეს თავი ამბის გარშემო, ინგლისურენოვანი მედიებისგან კი ობიექტური დადასტურება ჯერაც არ მიგვიღია, ამიტომაც ამბავს სკეპტიკურად უნდა შევხედოთ.

მიუხედავად ამისა, კრიოგენული (დაბალ ტემპერატურული) შენახვის ინდუსტრიის გასაოცარი არაკომპეტენტურობა უპრეცედენტო სულაც არაა. 1960-იანი წლების ბოლოს სათანადო კვალიფიკაციის არმქონე მეწარმემ კრიოკონსერვაციის ბიზნესი წამოიწყო, რომელიც უბედურად დასრულდა მაშინ, როცა გვამები შეცდომით გალღვა.

რუსების შემთხვევაში, მედვედევმა Rubase-ს განუცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანაში უდალოვამ ამწის გამოყენებით რამდენიმე უზარმაზარი, ვაკუუმით იზოლირებული ცისტერნის ჩატვირთვა სცადა, რომელიც გვამებს ინახავდა. კადრები ვიდეოშიცაა ნაჩვენები. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ პოლიციამ შეიტყო, ქურდობა მალევე აღკვეთეს.

კონფლიქტი წლების წინ დაიწყო, როდესაც მედვედევმა უკმაყოფილების გამოთქმა დაიყო იმის შესახებ, თუ როგორ უდგებოდა კომპანია კრიოგენიკას. Rubase-ზე დაყრდნობით, უდალოვამ 2019 წლის ნოემბერში ახალი კომპანია, სახელად Open Cryonics დაარეგისტრირა, საკუთარი თავი კი ერთპიროვნულ მესაკუთრედ გამოაცხადა. ამან მედვედევს უბიძგა, მისი ახალი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმე აღეძრა იმ მტკიცებით, რომ უდალოვა ძალის გამოყენებით ცდილობდა პროცესზე კონტროლის მოპოვებას.

CryoRus-ის იუთუბ არხზე ვიდეო აიტვირთა, სადაც უდალოვა საკუთარ პოზიციას გვაცნობს და ამბის დეტალებსაც საკუთარი პერსპექტივიდან გვიზუსტებს. იგი Rubase-თან საუბრისას ასევე აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელება სასამართლოში სურს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგი ქურდობას სამი თვის განმავლობაში გეგმავდა და სპეციალური აღჭურვილობაც მოიაზრა, რომელსაც შეუძლია, სხეული ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში შეაკავოს.

"ბატონმა მედვედევმა პოლიციას მცდარი მხილება გადასცა იმის შესახებ, რომ ვაკუუმის ცისტერნები იქნა მოპარული", — განაცხადა უდალოვამ — "მინდა თავიდან განვმარტო, რომ ცისტერნებისათვის ქონებრივი უფლების ყველა მოწმობა გვაქვს".

რომ შევაჯამოთ, უცნაური ინციდენტი იმაზე მეტ კითხვას გვიტოვებს, ვიდრე პასუხს. ამასობაში კი ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.