ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძის თქმით, ექსპრემიერი გიორგი გახარია თავს ესხმის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ასე შეაფასა მან გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება პროვოკაციას ამზადებდა ნარკოტესტთან დაკავშირებით.

"საერთოდ არავინ ფიქრობდა არც კოკაინზე, საერთოდ არავინ ფიქრობდა არც მსგავს საკითხებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაწყებული კამპანია გადაიქცა ვიღაცების თავის მართლების კამპანიად. ახლა სადღაც უცხოეთში აპირებენ ბანკებით სირბილს, როგორც ის ამბობს, საქართველოში თურმე უხერხულია და უცხოეთში კარგია ბანკებით სირბილი, როდესაც ყველაზე ობიექტური ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი არასდროს გამხდარა თავდასხმის ობიექტი, გახდა მხოლოდ მისი მხრიდან. ესეც ძალიან უხერხულია", — აცხადებს მდინარაძე.

გიორგი გახარიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება მის წინააღმდეგ ამზადებდა პროვოკაციას. საქმე ეხება ნარკოტესტს, რომელიც გახარიას სწორედ სამხარაულში უნდა გაეკეთებინა. გახარია აპირებს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტაროს ნარკოტესტი.

ნარკოტესტი პირველად ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჩაიტარა, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ახსნა და სხვა კანდიდატებსაც იგივე მოუწოდა. მოწოდების საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით "ბანკებით" სირბილი დაიწყეს.