პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიუღებელია "ორგანიზებული შეტევები" ეკლესიაზე. ასე გამოეხმაურა ის სასულიერო პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ საიდუმლო ფაილებს.

"რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში — ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების მცდელობებიც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას", — განაცხადა გახარიამ.

ის ამბობს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, ვის ინტერესებს უკავშირდება სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ფაილების გასაჯაროება.

"დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი ვის ინტერესებს ემსახურება;, რა არის ავთენტური რა არ არის; ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია — ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი.

როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, რომ მოქალაქე დაიცავს. ოკუპაციას გაუმკლავდება კი არა, თავის ინფრასტრუქტურას ვერ იცავს", — აცხადებს გიორგი გახარია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაიგე მეტი: