პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილმა ინფორმაციამ დაადასტურა, რომ მოქალაქეებს ტოტალურად უსმენენ. მისი თქმით, სუს დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ხალხს უკანონოდ უთვალთვალოს და დააშანტაჟოს, რასაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად აკეთებს.

"ჩვენ ვნახეთ, როგორ უთვალთვალებენ და როგორ ადგენენ კართოთეკებს მასწავლებლებთან მიმართებაში, სკოლის დირექტორებთან მიმართებაში, მაგრამ ის რაც გამჟღავნდა დღეს ეკლესიასთან მიმართებით ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის თვალთვალი და მისი შეფასებაც კი შეუძლებელია ამ ეტაპისთვის", — თქვა თამარ კორძაიამ.

კორძაიამ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წელს " თვალთმაქცურად ჩატარდა შოუ", როდესაც პირადი ცხოვრების კადრები გაანადგურეს.

"ამას აკეთებს მხოლოდ იმისთვის, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს ხელისუფლება. ეს წარმოუდგენელი მასშტაბები მეტყველებს იმაზე, რომ ღარიბაშვილის მიერ, 2013 წელს თვალთმაქცურად ჩატარებული შოუ, ე.წ პირადი ცხოვრების კადრების განადგურებასთან დაკავშირებით იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარ აქცია. და სინამდვილეში ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს უკვე პრემიერმინისტრადაა ხელდასმული ივანიშვილის მიერ წარუდგენელ სიმაღლეებზე აიყვანა თვალთვალი მიყურადება და შანტაჟი", — აღნიშნა კორძაიამ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: