ახალი კვლევის თანახმად, "მფრინავი დრაკონები" ძველად არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთ ნახევარსფეროშიც ბინადრობდნენ. ამას ჩილეში აღმოჩენილი ნამარხი მოწმობს, რომელიც 160 მილიონი წლის წინ მცხოვრებ პტეროზავრს ეკუთვნის. ამის შესახებ მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Acta Palaeontologica Polonica გამოქვეყნდა.

პალეონტოლოგებმა ცხოველის ნაშთებს ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2009 წელს მიაგნეს. ნამარხის ანალიზმა ცხადყო, რომ საქმე იურული პერიოდის მფრინავ რეპტილიასთან ჰქონდათ. ეს უცნობი სახეობა Rhamphorhynchidae-ად წოდებულ ჯგუფში ერთიანდება და მისი პირველი წარმომადგენელია, რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში აღმოაჩინეს. მსგავსი ნიმუშები მეტწილად ევროპაშია მიკვლეული.

ფოტო: Universidad de Chile

სპეციალისტთა განცხადებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პტეროზავრები იმაზე ფართო არეალში იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე აქამდე გვეგონა. შესაძლოა, ისინი ჩვენი პლანეტის ერთი ნაწილიდან მეორეში მაშინ მიგრირებდნენ, როცა სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული ხმელეთის უმეტესობა კონტინენტ გონდვანას შემადგენლობაში იყო.

აღნიშნულ დინოზავრებს გრძელი კუდი, ფრთები და გამოშვერილი, ბასრი კბილები ჰქონდათ. არაა გამორიცხული, რომ ისინი ამ რეგიონში უბრალოდ მიგრაციისას არ მოხვედრილიყვნენ, არამედ, იქ ჩაღწევის შემდეგ, ხანგრძლივად დარჩენილიყვნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.