საპატრიარქოს წევრების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მაღალია ალბათობა, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება მართლაც ხდებოდეს. მისივე თქმით, აღნიშნული არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად, უკიდურესად სახიფათო და საშიში პრაქტიკაა, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ხდებოდეს.

"ეს არის ადამიანების უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა და არ არსებობს მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომ დავიცვათ თავი ჩვენ პირად ცხოვრებაში მათი უკანონო ჩარევისგან, ეს არის ფაქტი და ამაზე სახალხო დამცველი საუბრობს", — აცხადებს ლომჯარია.

მისი თქმით, ომბუდსმენს მოსმენების დღევანდელ მექანიზმთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი.

"ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული მოსმენების დღევანდელი მექანიზმი სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი, ფაქტებიც ცხადყოფს იმას, რომ ეს ინფორმაცია არათუ გროვდება, არამედ რეალურად მას სახელმწიფო უწყებები იყენებენ საჯარო სამსახურებში თუ სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ასეთი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

ამავე თემაზე: