საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას ტესტირების გარეშე შეძლებენ ის ადამიანები, რომელთაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი კორონავირუსი.

"არსებული რეგულაციით, სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგალითად, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სპორტულ შეჯიბრებასა და ა.შ დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72 საათში ჩატარებული PCR ტესტი, ან 24 საათში ჩატარებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ Covid-19", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, აღნიშნული 6 თვე აითვლება ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 14 დღის შემდეგ.

აქამდე არსებული რეგულაციის თანახმად, ღონისძებებზე დასწრება მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იყო შესაძლებელი.