ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილმა მარსმავალმა Perseverance ქვის პირველი ნიმუშები მოიპოვა. მათი დედამიწაზე ჩამოტანა 2030 წლისთვის იგეგმება. სპეციალისტთა განცხადებით, ამ ფრაგმენტების შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, იყო თუ არა ადრე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები ჩვენს მეზობელ პლანეტაზე.

Perseverance-მა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულების მქონე კლდოვანი მატერია მიმდინარე წლის 6 და 8 სექტემბერს შესრულებული მანევრების შედეგად მოიპოვა. მან Rochette-ს სახელით ცნობილი ქვა გაბურღა, მის შუაგულში ჩააღწია და იქიდან 2 ნიმუში ამოიღო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია, რადგან სხვა პლანეტაზე ამგვარი მისია არასდროს განხორციელებულა.

გეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს ქვა ვულკანური წარმოშობისაა, ანუ გაციებული ლავაა, რომელიც ოდესღაც მარსის ზედაპირზე მიედინებოდა. ასევე, ის მარილებს შეიცავს. მათ შემადგენლობაში კი, შესაძლოა, წყალიც იყოს, რომელიც იქ კრისტალების ფორმირებისას მოხვდა.

ფოტო: NASA

NASA-ს მარსმავალს ნიმუში 6 აგვისტოს უნდა მოეპოვებინა, თუმცა მაშინდელი სამიზნე ქვა ზედმეტად მტვრევადი აღმოჩნდა და მცდელობამაც წარუმატებლად ჩაიარა. მასთან შედარებით, Rochette ბევრად მყარია, ამიტომ როვერს მისი ფრაგმენტების აღება არ გაჭირვებია. ნიმუშებს მეცნიერებმა "Montdenier" და "Montagnac" უწოდეს.

ადგილი, სადაც Perseverance იმყოფება, ჯეზეროს კრატერია. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იქ ოდესღაც უზარმაზარი ტბა არსებობდა. შესაბამისად, ღრმულში განლაგებული კლდოვანი წარმონაქმნები, შესაძლოა, წითელი პლანეტის წარსულის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ინახავდნენ.

მარსმავალი, კომპანიონ ვერტმფრენ Ingenuity-სთან ერთად მალე კრატერის სხვა რეგიონში გადაინაცვლებს. ამ არეალს უსწორმასწორო ზედაპირი გამოარჩევს და სავსეა დიუნებით, ქედებითა თუ Rochette-ზე ძველი ქვების ნამტვრევებით. როვერი ნიმუშების შეგროვებას იქაც აპირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.