ბრიტნი სპირსის ბრძოლა 13-წლიანი მეურვეობის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. მომღერლის მამამ სასამართლოს შვილის მეურვეობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ცოტა ხნის წინ კი ბრიტნიმ ინსტაგრამზე გამომწერებს ახარა, რომ 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულ სემ ასგარზე დაინიშნა.

"ვერ ვიჯერებ" — ასე დაასათაურა ბრიტნიმ ვიდეო, რომელშიც შეყვარებულთან ერთად გამომწერებს ნიშნობის ბეჭედს უჩვენებს. სემი ბრიტნის ეკითხება, მოსწონს თუ არა ბეჭედი, რაზეც მომღერალი პასუხობს, რომ მოსწონს.

ნიშნობის შესახებ საზოგადოებას ინსტაგრამზე სემმაც აცნობა:

მეურვეობით დადგენილი წესების მიხედვით, ბრიტნის დაქორწინების უფლება აქვს, თუმცა ამაზე თანხმობა მეურვემ უნდა განაცხადოს. მომღერალმა ივნისში სასამართლოს უთხრა, რომ შეყვარებულზე დაქორწინება და შვილების ყოლა უნდოდა, თუმცა ამის უფლებას არ აძლევდნენ.

ჯეიმს სპირსი ბრიტნი სპირსის ცხოვრებას, კარიერას და ფინანსებს 2008 წლიდან განაგებს, მას შემდეგ რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრიტნის არ შეეძლო საკუთარ თავზე ეზრუნა. 13 წლის განმავლობაში ბრიტნი მუშაობას განაგრძობდა — ის მართავდა ტურნეებს, უშვებდა კლიპებსა და ალბომებს. მან მილიონობით დოლარი გამოიმუშავა.

2021 წლის ზაფხულში ბრიტნიმ პირველად მოითხოვა საჯაროდ, რომ მამამისი მისი მეურვეობის საქმეებს ჩამოშორებოდა, რადგან მის სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფდა და უფლებას არ აძლევდა დაქორწინებულიყო, ჰყოლოდა შვილი ან დაესვენა, როცა ამას თავად ისურვებდა. ბრიტნიმ განაცხადა, რომ თავს მონად გრძნობდა და მეურვეობის ფარგლებში მისი უფლებები ილახებოდა.

ჯეიმი სპირსმა სასამართლოს შვილის მეურვეობიდან გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მიმართა. მომდევნო სხდომა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ამავე თემაზე: