Amazon-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ის თავის თანამშრომლებს სწავლის გადასახადს დაუფინანსებს. ეს ამბავი ამაზონის 1.2 მილიარდ დოლარიანი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია ინვესტიციას დასაქმებულების განათლებისა და უნარების განვითარებაში დებს.

პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა 750 000-მდე თანამშრომელს ექნება და მათ დაუფინანსდებათ ყველაფერი — სწავლის საფასური, წიგნები და გადასახადები.

$1.2 მილიარდიანი ინვესტიცია 2025 წლამდე გაიხარჯება. ეს თანხა ასევე მოიცავს ინგლისური ენის სასერთიფიკატო გამოცდებსა და GED-ებს, ანუ დამადასტურებელ მოწმობებს, რომლის მიხედვითაც პირს ამერიკისა და კანადის სკოლების შესაბამისი განათლება აქვს.

სამშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამაზონის ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველას, ვინც კომპანიაში უკვე სამი თვეა მუშაობს.

Amazon სამ ახალ სასწავლო პროგრამასაც ამატებს, რაც დასაქმებულებს საშუალებას მისცემს გაიუმჯობესონ და შეიძინონ, დატაცენტრების მომსახურების უნარები, შეისწავლონ ინფორმაციული ტექნოლოგიები და ასევე, გაიუმჯობესონ მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები

"Amazon დღეს ამერიკაში უკვე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და ჩვენ ვიცით, რომ თანამშრომლების განათლებაში ინვესტირებას უდიდესი გავლენა ექნება ასობით ათას ოჯახზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ კარიერული წინსვლის პროგრამა თითქმის 10 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა ახლა პროგრამა კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება და ის დასაქმებულების განათლებასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხარჯს დაფარავს" — აცხადებს დეივ კლარკი, Amazon-ის Worldwide Consumer-ის აღმასრულებელი დირექტორი.

"ახალი ინვესტიცია გახდება საფუძველი თანამშრომლების მრავალწლიანი მხარდაჭერისა. ამაზონი ასევე გეგმავს 110 საკლასო ოთახის აშენებას, რომლებიც ამაზონის შენობებში, 37 შტატის მასშტაბით განთავსდება. კარიერული წინსვლის პროგრამებში, მსოფლიოს გარშემო, უკვე 50 000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გარდაიქმნება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ"

როგორც უკვე ვთქვით, Amazon ხარჯებს სრულად დაფარავს. თანამშრომლებს ფონდებთან წვდომა, სანამ ამაზონში იმუშავებენ, სულ ექნებათ. პროგრამას ლიმიტები არ აქვს და არ არის განსაზღვრული რამდენი წლის განმავლობაში გამოიყენებენ მას.