კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია იმედის მიმართ ევროპული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს. გადაწყვეტილება პარტიის მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას ეხება, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა.

"კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.

სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის, ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, უხამსობას ან პორნოგრაფიას", — წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, დღეს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინეს და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნიეს, რომ იმედმა საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

ევროპულმა საქართველომ ტელეკომპანია იმედს საარჩევნო ვიდეოს გაშვებაზე უარის თქმის გამო 7 სექტემბერს უჩივლა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ვიდეო არ ეწინააღმდეგება არანაირ კანონს.

ტელეკომპანია იმედმა 25 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას ეთერში არ გაუშვებენ, ამის მიზეზად კი სიძულვილის ენა დაასახელეს. განცხადების მიხედვით, ევროპული საქართველო პირველი პარტიაა, რომელსაც იმედი ეთერს არ დაუთმობს.

გიგა ბოკერია იმედის გადაწყვეტილებას "კანონის უხეშ დარღვევას" უწოდებს და ამბობს, რომ კანონი ყველა ტელევიზიას პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებას პოლიტიკური ცენზურის გარეშე ავალდებულებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს "ძალიან კარგია".