იაპონიაში ფუკუშიმას ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ დაახლოებით 10 წელია გასული, თუმცა მეცნიერებს კვლავაც იმის გაგება სურთ, თუ რამდენად სახიფათოა გარემომცველი არეალი დღემდე.

ამის გასარკვევად, მკვლევართა გუნდმა საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიმართა — მათ ცხრა იაპონური მცოცავი გამოიყენეს, რომელიც იმავე რეგიონში ცხოვრობდა. Guardian-ზე დაყრდნობით, მეცნიერებმა არმირებული სკოჩისა და სუპერწებოს გამოყენებით გველებს GPS კვალმაძიებლები და რადიაციის დოზიმეტრები მიამაგრეს, რითაც რადიოაქტივობის დონის შეფასება მოახერხეს, როდესაც გველები აქეთ-იქით დასრიალებდნენ.

ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელთაც თავდაპირველად უბედურებას თავი გაქცევით დააღწიეს, სახლში უკვე დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, დარჩენილი 1150 კვადრატული კილომეტრი ჯერ კიდევ შემოსაზღვრული რჩება, როგორც ფუკუშიმას აკრძალული ზონა. გველებით ჩატარებული კვლევა, რომელიც ჟურნალ Ichthyology and Herpetology-ში გამოქვეყნდა, შესაძლოა, სახელმწიფო მოხელეებს დაეხმაროს, რათა ამ ზონასთან მიმართებაში სწორი მიდგომები შეარჩიონ.

გველების გამოყენება, შესაძლოა, უჩვეულოდ ჟღერდეს, თუმცა საკმაოდ წინდახედულო ნაბიჯი აღმოჩნდა.

"სხვა ცხოველებთან შედარებით, გველები ნაკლებადაა შესწავლილი, თუმცა მათ არაერთი ეკოსისტემისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ", — განაცხადა Earther-თან საუბრისას ჯორჯიას უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰანა გერკიმ — "გველები კვებით ჯაჭვში მტაცებლის როლსაც ირგებენ და მსხვერპლისაც, ეს კი ნიშნავს, რომ პოტენციალი აქვთ, ნადავლებისგან შეაგროვონ დამაბინძურებელი ნივთიერებები და სხვა ცხოველებისთვისაც იყვნენ ამ ნივთიერებათა წყარო, როგორც თავად ნადავლი".

ძირითადად, თუ გველებზე რადიოაქტივობის მაღალი დონეები ზემოქმედებს, მაშინ დანარჩენ ეკოსისტემაზეც ასეა, რაც მეცნიერებს საერთო ეკოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მიღებული მონაცემები სხვადასხვა ადგილას მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ეს მიანიშნებს, რომ რადიოაქტიური იზოტოპები რეგიონზე ერთგვაროვნად არ განფენილა და გარკვეულწილად ადგილობრივ რელიეფზეც იყო დამოკიდებული. გველები, რომელთაც განსხვავებული საცხოვრებელი გარემო (ჰაბიტატი) აირჩიეს, ერთი რეგიონის ფარგლებშიც კი რადიაციის განსხვავებულ დონეებს აჩვენებდნენ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ფუკუშიმას აკრძალული ზონა იმაზე ოდნავ უფრო კომპლექსურია, ვიდრე თავიდან გვეგონა.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამეთვალყურეოდ გველებისა და სხვა გარეული ცხოველების გამოყენება მომავალში საკმაოდ გამოსადეგი მეთოდი იქნება. შესაბამისად, მათი კვლევები, შესაძლოა, იმის განსაზღვრაში დაგვეხმაროს, თუ რომელი (თუ საერთოდ რომელიმე) ტერიტორიები უფრო მალე გახდება გამოსადეგი ადამიანთა დასასახლებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.