ქართველი მუსიკოსის, Creams-ის სიმღერა SLEEP ON ME პოპულარული სერიალის, ლუციფერის, საუნდტრეკი გახდა. ტრეკი მეექვსე სეზონის მე-5 სერიაში, კლუბში ლუციფერისა და მეიზის ყოფნის დროს ისმის.

Creams 26 წლის მომღერლის, ნათია ჭიჭინაძის, სასცენო სახელია. ამბავს იგი თავადაც გამოეხმაურა ფეისბუქზე:

"განსხვავებული და ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შრომა ამ სახით გიფასდება და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ოფლის არცერთი წვეთი, ჩადებული დრო და რესურსი არ დაგეკარგებათ, თუ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეებს", — წერს მუსიკოსი.

პროექტი, სახელად Creams, 2019 წელს დაიბადა. მისთვის ნათია თავადვე წერს, ასრულებს და უშვებს სიმღერებს. ჩანაწერების სადებიუტო კრებულს — SLEEP ON ME — რომელშიც 4 სინგლია შესული, მომღერლისთვის განსაკუთრებული შინაარსობრივი დატვირთვა აქვს — იგი ერთგვარი სიმბოლოებითაა გაჯერებული, რომელიც მსოფლიოს გამოღვიძებისა და გაფრთხილების მიღებისაკენ მოუწოდებს.

2020 წელს მუსიკოსი ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, NME-მა, "წლის 100 აღმოჩენას" შორის დაასახელა.