ამერიკის საელჩო 11 სექტემბრის ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტერაქტმა ამერიკა სამუდამოდ შეცვალა. მათი თქმით, ამ დღემ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გააერთიანა.

"დღეს იმ თავდასხმების 20 წლისთავს აღვნიშნავთ, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა. 2001 წლის 11 სექტემბრის კადრებმა ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა, ამასთანავე მოიტანა არნახული საერთაშორისო ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ, რათა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკების აღმოფხვრით მსგავსი თავდასხმა აღარასდროს მომხდარიყო", — ვკითხულობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებს

ფოტო: Facebook/US Embassy Tbilisi, Georgia

საელჩო სამხედრო და დიპლომატიურ მისიებში პარტნიორი ქვეყნების როლსაც უსვამს ხაზს და საქართველოს მადლობას უხდის საევაკუაციო ფრენებისას გაწეული დახმარებისთვის.

"ჩვენ სამუდამოდ მადლიერნი ვართ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების, რომლებიც ავღანეთში გვერდში დაგვიდგნენ სამხედრო, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მისიებში, კონკრეტულად კი საქართველოსი, რომელმაც 20 000-ზე მეტი სამხედრო ჩართო ოპერაციებში და განსაკუთრებული როლი ითამაშა საევაკუაციო ფრენების მხარდაჭერაში.
როგორც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა პატივი მივაგოთ 2 977 უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის ხსოვნას, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებს შეეწირა", — ვკითხულობთ განცხადებაში.

9/11 ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის აღმნიშვნელია. 2001 წლის 11 სექტემბერს ალ ქაიდას ტერორისტებმა United Airlines-ის ორი გატაცებული თვითმფრინავი დილით, სამუშაო დღის დაწყებისას ნიუ-იორკის ორ ცათამბჯენს დააჯახა. შედეგად, 2 996 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 606 სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარედ იყო.

გაიგე მეტი: