GPS თანამგზავრები ჩვენი თუ სხვა ადამიანების ადგილმდებარეობის პოვნაში გვეხმარება. მილიონობით ადამიანი იყენებს მას მიმართულების გასაგებად, საცობის თავიდან ასაცილებლად, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ა.შ. მაგრამ, საინტერესოა თვითონ GPS თანამგზავრები როგორ ადევნებენ თვალყურს საკუთარ ადგილმდებარეობას იმისთვის, რომ ჩვენ მოწყობილობებს სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან იმისთვის, რომ GPS-მა სწორად იმუშაოს და ჩვენ თანამგზავრების ადგილმდებარეობის გაგება შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ დედამიწის ზუსტი ორიენტაცია, რაც ერთი შეხედვით მარტივ დავალებას ჰგავს, თუმცა არ არის.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს თანამგზავრები დედამიწის გარშემო მუდმივად ერთ ორბიტაზე მოძრაობენ, თუმცა ასე არაა — მათ ორბიტაზე დედამიწის, მთავრის და სხვა სხეულების გრავიტაცია ახდენს გავლენას. თუ ფიქრობთ, რომ ისინი სხვა თანამგზავრების სიგნალებს იყენებენ, არც ესაა მართალი, რადგან ყველა მათგანი ერთმანეთზე რომ იყოს დამოკიდებული, ეს ძალიან დიდ ცდომილებას მოგვცემს.

ამ ამოცანის გადასაჭრელად დედამიწაზე მდებარე რაიმე აღჭურვილობაა საჭირო, რომელიც მათ ადგილმდებარეობას დააფიქსირებს. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყო ინგლისში მდებარე NERC კოსმოსური გეოდეზიის მოწყობილობაა, რომელიც ჩვეულებრივ ობსერვატორიას ჰგავს, თუმცა იგი ვარსკვლავებს არ აკვირდება. მისი საქმე ხელოვნური თანამგზავრებისთვის ლაზერის სხივის დამიზნება და მათთვის თვალის დევნებაა. ამისთვის თანამგზავრებს სპეციალური ამრეკლავები უმონტაჟდებათ, რომლებიც ლაზერის სინათლეს ირეკლავენ. არეკლილი სინათლის მიღების შემდეგ მეცნიერები ზომავენ სინათლის დაბრუნების დროს, და, შესაბამისად, თანამგზავრამდე მანძილს.

ობსერვატორიიდან თანამგზავრების მიმართულებით ლაზერის სინათლის ძალიან მოკლე იმპულსებს აგზავნიან — წამში ათასჯერ. თითოეული "გასროლა" 10 პიკოწამის ხანგრძლივობისაა, მოწყობილობის სიზუსტე კი დაახლოებით 3-4 მმ-ია.

სადგური საათის ისრის მიმართულებით მუშაობს მოწმენდილი ცის პირობებში. ლაზერს სპეციფიკური ტალღის სიგრძეები ახასიათებს და იგი მუშაობის საშუალებას იძლევა როგორც დღისით, ასევე ღამით.

მსოფლიოში ამჟამად დაახლოებით 35 აქტიური სადგურია, რომელთა უდიდესი ნაწილი ჩრდილო ნახევარსფეროშია განლაგებული. სამხრეთ ნახევარსფეროდან მონაცემების უდიდეს ნაწილს ავსტრალიის რამდენიმე სადგური უზრუნველყოფს. ეს მეცნიერების გადმოსახედიდან პრობლემას წარმოადგენს, რადგან მეტი სიზუსტისთვის მათი თანაბარი განლაგება უმჯობესი იქნებოდა.

აღნიშნული სადგურებიდან მიღებული მონაცემები საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში გადაიგზავნება. ამ უკანასკნელზე წვდომის მიღება და ინფორმაციის საკუთარი კვლევისთვის გამოყენება ნებისმიერ მკვლევარს შეუძლია.