ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება შარლ მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

"მე ვფიქრობ, დადგა ის დრო, რომ ხმამაღლა განაცხადოს პრემიერმაც და ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ, რომ მათი წასვლის დრო არის პოლიტიკური ასპარეზიდან და უნდა გადაინაცვლონ ოპოციზიაში. გარდაუვალია მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 43%-იან ბარიერს ქართული ოცნება ვერ მიაღწევს, დაინიშნება რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები, რაც იქნება საწინდარი ჩვენს ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნის", — თქვა ხაზარაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.