ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროკავშირი და ევროპული გზა საქართველოს არჩეული გზაა, თუმცა, ეს თითქოს ფურცელზე დაწერილად რჩება. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა ევროპარლამენტარს ჰკითხა, მისი აზრით, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებისა და ჟურნალისტებზე ძალადობის მიზეზი და არის თუ არა ქართული ოცნების სურვილი, შეინარჩუნოს ძალაუფლება.

"შეხვედრების ფონზე, რომელიც მე მათთან მქონდა, პასუხი ყოველთვის ის იყო, რომ ევროკავშირი და ევროპული გზა არის საქართველოს არჩეული გზა, მაგრამ ეს თითქოს მხოლოდ ფურცელზე გამონათქვამად რჩება და რეალურად ნაკლებად და ნაკლებად ხდება ამის განხორციელება. როგორც წესი, ყველაფრის უკან ფული დგას ხოლმე, ამიტომაც შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ინტერესები, ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა. ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც და საკმაოდ რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა", — განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ. (TV პირველის თარგმანი).

საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება, რაც 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაზე უარის თქმასაც გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტის მოთხოვნაა მართლმსაჯულების რეფორმა მხარეების ჩართულობით, მანამდე კი უზნაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავება. ქართულმა ოცნებამ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც პარტნიორებისგან არაერთი კრიტიკა მიიღო. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ეს მოთხოვნები ყვითლად იყო მონიშნული. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".

ამის შემდეგ ქართული ოცნება ამ დახმარების მიღების მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ამ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".

აღსანიშნავია, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ფინანსურთან ერთად, დიდწილად პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს, რადგან დახმარების მეორე ნაწილის მიღება დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.

ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ევროკავშირს პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარებაზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად დაასწრო უარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარება, თუმცა საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

გაიგეთ მეტი: