ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფ ასტრონავტებს უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი, სახელად CIMON-2 შეუერთდება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოწყობილობა ISS-ის ეკიპაჟის წინაშე გაუმჯობესებული სახით წარსდგება და ახალი მისიის შესრულებას შეუდგება.

სფეროს ფორმის რობოტი ევროპული კოსმოსური სააგენტოს 2 ასტრონავტთან ერთად მუშაობდა, თუმცა 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, უფუნქციოდაა. ამ დროის განმავლობაში, სპეციალისტებმა ის პროგრამულად განაახლეს, რათა უფრო კომპლექსური დავალებებისთვის თავის გართმევა შეძლებოდა. CIMON-2 სადგურზე გერმანელი მათიას მაურერის მისვლის შემდეგ "გაიღვიძებს", რომელიც იქ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხომალდით ოქტომბერში გაემგზავრება.

კომპანია Airbus-ის წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებმაც რობოტი გერმანიის ავიაციურ-კოსმოსურ ცენტრთან და ტექნოლოგიურ კორპორაცია IBM-თან თანამშრომლობით შექმნეს, უკანასკნელი წელიწად-ნახევარი მოწყობილობის დედამიწასთან კავშირის გაუმჯობესებას დაეთმო. მისგან გაგზავნილი სიგნალი სატელიტებისა და ხმელეთზე განლაგებული სადგურების გავლით, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე მონაცემთა ცენტრს გადაეცემა. მეცნიერებმა სწორედ ამ საკომუნიკაციო არხის გაძლიერებაზე იზრუნეს.

CIMON-2 მეორე თაობის რობოტია, რომელშიც IBM-ის ხმის ამომცნობი სისტემა და სინთეზური პროგრამაა ინტეგრირებული. ეს მას ასტრონავტებთან საუბარსა და მათი ბრძანებების შესრულებაში ეხმარება. წინამორბედთან შედარებით, ის ადამიანის ემოციურ მდგომარეობას უკეთ აღიქვამს და რეაგირებისთვის ნაკლები დრო სჭირდება. კერძოდ, 10-წამიანი შეყოვნების პერიოდი მის შემთხვევაში 2 წამამდეა დაყვანილი.

კომპანიების მიერ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან გაფორმებული კონტრაქტი CIMON-2-ის 4 ასტრონავტთან მუშაობას ითვალისწინებს. ამ მისიების ფარგლებში, ინჟინრები განახლებულ პროგრამას გამოცდიან და რობოტს რთულ ექსპერიმენტებში ჩართვის საშუალებას მისცემენ. ის სადგურზე ჩატარებულ პროცედურებს გადაიღებს და ასტრონავტებს სამოქმედო გეგმას შეახსენებს.

ამ ეტაპზე, 5 კილოგრამი წონის მქონე CIMON-2-ს გადაადგილება მხოლოდ Columbus-ად წოდებულ ევროპულ მოდულში შეუძლია, რასაც ის მცირე ზომის ფრქვევანების დახმარებით ახერხებს. ობიექტებთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მასზე სენსორებია დამონტაჟებული. მაღალი გარჩევადობის კამერა თითოეულ ასტრონავტს ამოიცნობს, გვერდებზე განლაგებული, შედარებით პატარა კამერები კი ვიდეო და ფოტომასალის გადასაღებადაა განკუთვნილი. ის, ასევე, 9 მიკროფონითაა აღჭურვილი, რომელთა მეშვეობითაც ხმის წყაროს აფიქსირებს.

მეცნიერები მესამე თაობის რობოტის შექმნასაც გეგმავენ. მათ სურთ, რომ CIMON-მა დედამიწაზე არსებულ მონაცემთა ცენტრებთან კავშირის გარეშე, დამოუკიდებლად იფუნქციონიროს, მათ შორის მთვარესა და მარსზეც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.