ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლით წარუდგინა. იგი დანაშაულს არ აღიარებს.

"არცერთი მოწმე, არცერთი ვიდეოკამერა არ ამტკიცებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იმ დღეს შეხება ჰქონდა ამ პიროვნებასთან [შანაე ბრუკთან]", — განაცხადა მურსაკულოვის ადვოკატრმა, სოფო გოგლიჩიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. უწყების განცხადებით, დაკავებული ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკის, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი მოკლა.

რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს.

31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგობრები თბილისში ავტრალიის მოქალაქეს, შანაე ბრუკს ეძებდნენ. ისინი Facebook-ზე წერდნენ, რომ ქალი 30 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუკის ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისას ითხოვდა. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში შანაე ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.