გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech, რომელიც Pfizer-თან ერთად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გახდა ცნობილი, სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდს ადამიანებზე ცდის. პრეპარატი, რომლის მთავარი კომპონენტი ინფორმაციული რნმ-ია, თავდაპირველად თაგვებს შეუყვანეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად ეფექტიანია ის კიბოს მქონე პაციენტების შემთხვევაში. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Science Translational Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

პრეპარატი, რომელსაც მედიკოსები იმუნოთერაპიისთვის იყენებენ, SAR441000 (BNT131)-ის სახელითაა ცნობილი. BioNTech/Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის მსგავსად, ის ინფორმაციულ რნმ-ს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში კონკრეტული ცილების, ციტოკინების წარმოქმნას უწყობს ხელს. ისინი სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან და ჩვენს სხეულში ბუნებრივადაც არსებობენ, თუმცა მკვლევართა მიზანი მათი დაავადებული ქსოვილისკენ მიმართვა იყო.

საქმე იმაშია, რომ ეს არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ციტოკინები სხეულში საკმაოდ მალე იშლებიან, რაც მათი წარმოქმნის მაპროვოცირებელი მრავალჯერადი ინიექციის საჭიროებას ქმნის. შედეგად, ამ ცილების დიდ რაოდენობას ვიღებთ, რასაც მომწამვლელი ეფექტი აქვს. სპეციალისტებმა ვირუსული ვექტორით მათი სიმსივნეში შეყვანაც სცადეს, მაგრამ ამან გენეტიკური დარღვევები გამოიწვია.

ფოტო: Science Photo Library

ნაშრომის ავტორებმა გამოსავალი სწორედ ინფორმაციულ რნმ-ში ნახეს. მათ შექმნეს ამ მოლეკულების ერთგვარი კოქტეილი, რომელიც ციტოკინებს პირდაპირ სიმსივნური უჯრედებისკენ მიმართავს. მეცნიერებმა, კომპანია Sanofi-სთან თამაშრომლობით, ის მელანომით დაავადებული 20 თაგვის სამკურნალოდ გამოიყენეს. მათგან 17-ს სულ რაღაც 40 დღეში კიბო აღარ ჰქონდა.

პრეპარატის ტესტირება იმ მღრღნელებზეც განხორციელდა, რომლებსაც ერთდროულად მელანომა და ფილტვის სიმსივნე აღენიშნებოდათ. კანის კიბოს მიმდებარედ გაკეთებულმა ინიექციამ ამ უკანასკნელის ზომის შემცირება განაპირობა და ფილტვის კიბოს ზრდაც შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი თერაპიის მეშვეობით, შესაძლოა, ერთ ორგანიზმში არსებული სიმსივნის სხვადასხვა კერა განადგურდეს. თანაც მას უკუჩვენება არ ახასიათებს. პრეპარატს ახლა 231 ადამიანზე ცდიან, რომელთაც მყარი სიმსივნური წარმონაქმნები აქვთ. მომავალში კვლევებს სხვა სახის კიბოზეც ჩაატარებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.