ფილტვის კიბოს მქონე 600 პაციენტი ინგლისში ახალ პრეპარატს მიიღებს. საუბარია მედიკამენტ Sotorasib-ზე, რომელიც სიმსივნის ზრდას აჩერებს, ამას კი ე.წ. "სიკვდილის ვარსკვლავის" მუტაციის მიზანში ამოღებით ახერხებს. ინგლისი არის პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ამ ახალ მედიკამენტზე ადრეული წვდომა მოიპოვა.

კლინიკურ ცდებში პრეპარატმა დამაიმედებელი შედეგი აჩვენა — მან 7 თვის განმავლობაში მოახერხა სიმსივნის ზრდის შეჩერება. სწორედ ამ შედეგზე დაყრდნობით მიიღებს ინგლისის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისით მოსარგებლე 600 პაციენტი ამ წამალს.

მედიკამენტი მიზანში იღებს მუტაციას KRAS გენზე, რომელიც სიმსივნეების მეოთხედში გვხვდება და სფერული ვიზუალისა და შეღწევადი ბუნების გამო, ცნობილია, როგორც "სიკვდილის ვარსკვლავის" მუტაცია.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში, Sotorasib ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი გარღვევაა ფილტვის კიბოს მკურნალობის საკითხში. ეს კი სიმსივნის გენის მიზანში ამოღების წყალობით, რაც აქამდე შეუძლებელი იყო და ასევე, იმ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით, რომლებმაც სიმსივნის მოქმედების პრინციპი შიგნიდან დაგვანახეს", — თქვა პროფესორმა ჩარლზ სვანტონმა, Cancer Research UK-ის მთავარმა კლინიცისტმა. "ეს პრეპარატი აფართოებს ფილტვის კიბოს მკურნალობის გზების ჩამონათვალს, რაც ხელს შეგვიწყობს მეტი შეზღუდული ვარიანტის მქონე პაციენტი გადავარჩინოთ. ეს შესანიშნავი ამბავია, რომ პაციენტები ინგლისში შეძლებენ ამ ახალი მკურნალობის გზით ისარგებლონ", — დასძინა მან.

როგორც უკვე ვთქვით, თავდაპირველად, ფილტვის კიბოს, დაახლოებით, 600 პაციენტი მიიღებს პრეპარატს ინგლისში, ეს კი მედიკამენტის მწარმოებელ Amgen UK-სთან დადებული ადრეული წვდომის ხელშეკრულებიდან რამდენიმე კვირაში მოხდება. ხელშეკრულება კი ბრიტანული რეგულატორის (MHRA) და ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის (Nice) ნებართვის შემდეგ უკვე დაიდო. Sotorasib აბების სახით მიიღება, რის შემდეგაც KRAS G12C მუტაციას უკავშირდება, მას არააქტიურად აქცევს, აჩერებს უჯრედების გაყოფას, შესაბამისად კი — კიბოს ზრდას.

ნაციონალური ჯანმრთელობის სამსახურის — NHS-ის დირექტორმა ამანდა პრიტჩარდმა განაცხადა: "NHS-ს აქვს დიდი გამოცდილება ჩვენი პაციენტებისთვის მსოფლიოს მოწინავე სამკურნალო საშუალებების უზრუნველყოფის კუთხით, ხოლო ეს ფილტვის კიბოს სამკურნალო წამალი, რომელიც დეკადებია იქმნება, არის უახლესი გარიგების საგანი, რომელიც ინგლისში არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს".

NHS-ს ბოლო დროს ორი მნიშვნელოვანი გარიგება აქვს დადებული. ერთ-ერთი ქოლესტერინის შემამცირებელი ვაქცინაა, რომელიც, როგორც ელოდებიან. 55 000 ადამიანს დაიცავს გულის შეტევისგან, მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მეორე კი პრეპარატი Osimertinib-ია, რომელიც ფილტვის კიბოს დაბრუნების, ანუ რეციდივის რისკს ამცირებს.